სამუშაოს შემდეგ დამატებითაც მუშაობდა – ცხოველებს უვლიდა, მამამისი დაკრძალვაზე ვერ ჩავიდა, და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა და ბევრი ოცნება ჰქონდა” – ვინ იყო უკრაინელი გოგონა რომელიც მოკლეს და რას ამბობს მკვლელის და საზარელი ვიდეოს ნახვის შემდეგ
გახმაურებული მკვლელობის შესახებ, რომელიც 22 აგვისტოს ამერიკაში, ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში მოხდა, ახლა გაიგო ფართო საზოგადოებამ, რადგან 9 სექტემბერს წაუყენეს ბრალი დამნაშავეს, გამოქვეყნდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები და ტრამპმა და მასკმაც გააკეთეს კომენტარი მკვლელობაზე.
როგორც გაირკვა, 23 წლის უკრაინელ გოგონას, რომელიც მატარებლის ვაგონში ის-ის იყო შევიდა, 34 წლის დეკარლოს ბრაუნ-უმცროსი დაესხა თავს და სამჯერ დანის დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. მკვლელობა ხალხით სავსე ვაგონში მოხდა, თუმცა დახმარება ვერავინ შეძლო. ვაგონიდან გამოსული დამნაშავე კი იქვე დააკავეს.
ის არაერთხელ ნასამართლევი აღმოჩნდა, უსახლკარო, უმუშევარი. სასამართლო ჩანაწერების თანახმად, ათ წელზე მეტი ხნის კრიმინალური წარსული აქვს, მათ შორის, ძარცვა და თავდასხმა იარაღით, რისთვისაც ხუთწლიანი პატიმრობა მოიხადა.
9 სექტემბერს მკვლელობის შესახებ განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თავში ჩიპი ჰქონდა, რომელიც კარნახობდა ქმედებებს…
ახლა მას სიკვდილით დასჯა ემუქრება, რასაც ღიად მიემხრო ილონ მასკი. ხოლო ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია, რამდენად მოძლიერდა დამნაშავეობა და როგორ აუცილებელია ახალი წესების შემოღება მასთან საბრძოლველად.
რაც შეეხება 23 წლის გოგონას, ირინა ზარუცკაია უკრაინიდან იყო დევნილი. ორი წლის წინ კიევიდან დედასთან და და-ძმასთან წავიდა ემიგრაციაში. მამა უკრაინაში დარჩა და ის შვილის დაკრძალვაზეც ვერ ჩავიდა.
გოგონა პიცერიაში მუშაობდა და სწორედ სამუშაოდან ბრუნდებოდა შინ იმ საღამოს. სამსახურის უნიფორმა ეცვა და კეპი ეხურა პიცერიის ლოგოთი. სამუშაოს მერე ხშირად დამატებითაც მუშაობდა – ცხოველებს უვლიდა. 23 წლის ირინა ვეტერინარობაზე და მოდელობაზე ოცნებობდა. ფოტოგრაფებთანაც თანამშრომლობდა და ფოტოსესიებშიც მონაწილეობდა.
მკვლელობაში ბრალდებულმა დეკარლოს ბრაუნ უმცროსმა ოჯახს განუცხადა, რომ უკრაინელი ლტოლვილი ირინა ზარუცკაია ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ შარლოტში, მატარებლით მგზავრობისას დანით იმიტომ მოკლა, რომ “გოგონა მის აზრებს კითხულობდა“.
ამის შესახებ ბრალდებულმა მის დას ტრეისი ბრაუნს უთხრა, რომელმაც დეკარლოსი ციხეში მოინახულა.
- ბრალდებულის დის განცხადებით, დეკარლოსი პარანოიდული შიზოფრენიკია და მისი ძმა ამტკიცებს, რომ მთავრობამ ჩიპი ჩაუნერგა, რომლის მეშვეობითაც მის ქცევას აკონტროლებენ.
ამასთან, ტრეისის თქმით, საკუთარი ძმა მას 2022 წელს დაესხა თავს. უთანხმოების დროს უკბინა და სახლის კარი ჩაამსხვრია.
„უბრალოდ ვცდილობ ამის გააზრებას. რატომ უნდა გაეკეთებინა ეს? ის თავის თავს არ ჰგავდა,“ – თქვა ბრალდებულის დამ ვიდეოს ნახვის შემდეგ.
მკვლელობაში ბრალდებულის პირველი კომენტარი ციხეშია ჩაწერილი. აუდიოჩანაწერის მიხედვით, ბრაუნი ეუბნება დას, რომ „მის სხეულში არსებულმა რაღაცამ“ აიძულა ირინას მოკვლა.